ENG     RUS
გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბორჯომის ხეობა" გაიხსნა 15 იანვარს
>>>
გამაჯანსაღებელი კომპლექსი "ბორჯომის ხეობა" გაიხსნა 15 იანვარს
15 იანვარს მოეწყო გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ბორჯომის ხეობის” პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საზოგადოების ცნობილი წევრები, სამედიცინო სფეროს მოღვაწეები, წამყვანი ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები, საქართველოში მოქმედი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების და მას-მედიის წარმომადგენლები.

სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ “ბორჯომის ხეობის” პარტნიორები - დავით ტატიშვილი და თამაზ კურტანიძე. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კომპლექსის ისტორია და პერსპექტივები, დაწვრილებით ისაუბრეს იმ მნიშვნელობაზე, რაც კომპლექსის გახსნას აქვს რეგიონისათვის, ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ “ბორჯომის ხეობა” არის ამ ტიპის პირველი დაწესებულება საქართველოს მასშტაბით, სადაც დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის სასტუმრო მომსახურებასთან ერთად შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ სასურველი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები.

კომპლექსის გაცნობის შემდეგ სტუმრებმა გამოხატეს თავისი კმაყოფილება “ბორჯომის ხეობის” გახსნასთან დაკავშირებით და გამოთქვეს რწმენა, რომ ეს იქნება პირველი და წარმატებული ნაბიჯი ბორჯომის საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

   Copyright © 2005 "BORJOMIS KHEOBA" Designed & hosted by INTELLCOM